თეგი: რაზვან როტუნდუ

რუმინეთის ელჩი: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო

რუმინეთის საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს პარლამენტში მოუსმინეს. პარლამენტის ცნობით, დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. რაზვან როტუნდუმ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა რუმინეთის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ დავგმეთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის მცდელობები. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის დეკლარაციას, რომ ხაზი გაგვესვა ჩვენი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად ყოფილიყო ნახსენები როგორც საქართველო ასევე, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ კითხვარების მიწოდებას სამივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა. რაზვან როტუნდუმ საქართველოს NATO-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორი. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს NATO-ს მისიებში ჩართულობის შესახებ. დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა. „ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომელიც გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომ რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. ასევე, პატივს ვცემთ საქართველოს მიერთებას ყველა იმ რეზოლუციებისადმი, რომელიც მიმართულია ამ კონფლიქტის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

რუმინეთის ელჩი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ამ პროექტს

საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა, რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ მხარს უჭერდა ამ პროექტს. რუმინეთის ელჩი თბილისში მიმდინარე შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. „დღეს მე დავესწარი შავი ზღვის პლატფორმის შეხვედრას. ამ პლატფორმას მესამედ ვესწრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ხვდებიან ერთმანეთს. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ უჭერდა მხარს ამ პროექტს, როგორც ალტერანტივას ტრადიციული სატრანსპორტო გზებისთვის. ჩვენი აზრით, პოტენციალი არსებობს და ის გაზრდილია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, ასევე, დერეფანს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის,“ – განაცხადა რაზვან როტუნდუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი